პროექტის მოკლე აღწერა

პროექტი: ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც „მწვანე“ გადაწყვეტა შავი ზღვისთვის

GreenS4BlackSea

დაფინანსებული (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში

პროექტის პარტნიორები:

  • ართვინ ჩორუჰ უნივერსიტეტი (ართვინი, თურქეთი) - წამყვანი პარტნიორი
  • პარტნიორები:
  • არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „თემი და გარემო“ (თბილისი, საქართველო)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი, საქართველო)
  • სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი (სალონიკი, საბერძნეთი) 

პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 452 970 ევრო

პროექტის აღწერა:

ხელუხლებელ ტყეებს გლობალური მნიშვნელობა აქვთ როგორც ასეთ ტყეებში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვის, ნახშირბადის შეკავების, კლიმატის რეგულირების, სუფთა წყლით უზრუნველყოფის და ა.შ. მათი უნარის გამო. ხელუხლებელი ტყეების უმეტესობა დაცული ტერიტორიების საზღვრებშია მოქცეული. თუმცა, მსოფლიოში არსებობს ხელუხლებელი ტყეების ისეთი კორომებიც, მათ შორის დაგეგმილი პროექტის არეალში, რომლებზეც რაიმე სახის დაცვის რეჟიმი არ ვრცელდება და შესაბამისად, მათ არსებობას შეიძლება საფრთხე შეექმნას.

პროექტი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობას მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებითა და შავი ზღვის აუზის შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართვით შავი ზღვის გარშემო ე.წ. „მწვანე სარტყლის“ შექმნის  გზით. შავი ზღვის აუზში არსებული ხელუხლებელი ტყეების დაცვა შავი ზღვის გარშემო მწვანე სარტყლის შექმნას შეუწყობს ხელს, და, მაშასადამე რეგიონს უფრო სუფთას და მწვანეს გახდის.

პროექტის კონკრეტული მიზანია ართვინის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ხელუხლებელი ტყის კორომების დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა პარტნიორობითა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

პროექტი გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების დონეს ხელუხლებელი ტყეების შენარჩუნების მნიშვნელობისა და საშუალებების, აგრეთვე მათ მიერ მოტანილი ისეთი სიკეთეების შესახებ, როგორიცაა ნახშირბადის შთანთქმა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, სტიქიური უბედურებებისგან დაცვა, სუფთა წყალი, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ., საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარების გზით.

ვინაიდან დაგეგმილი პროექტი მრავალმხრივია და ითვალისწინებს კვლევების ჩატარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს როგორც გადაწყვეტილებების მიმღები პირების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე, მის განსახორციელებლად აუცილებელია განსხვავებული ცოდნისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

აჭარა და ართვინის პროვინცია კავკასიის ეკორეგიონში - დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ბიოლოგიურად მდიდარ და კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში მდებარეობენ და მსგავსი ბიომრავალფეროვნებით ხასიათდებიან. აქედან გამომდინარე, პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო მიდგომის გამოყენება.

პროექტი ართვინ ჩორუჰ უნივერსიტეტის, როგორც წამყვანი პარტნიორის, და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტისა და „თემი და გარემოს“, როგორც პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტის პარტნიორები პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებში მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით  ჩაერთვებიან. მაგალითად,

  • ართვინის პროვინციის ტყეებში ხელუხლებელი კორომების იდენტიფიცირება და რუკაზე დატანა მოხდება „თემი და გარემოს“ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და ექსპედიციების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობას ართვინისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტები, ადგილობრივი მეტყევეები და ქართველი, თურქი და ბერძენი ექსპერტები მიიღებენ.
  • ართვინის ხელუხლებელი ტყეების კვლევას სამი უნივერსიტეტი ერთობლივად ჩაატარებს „თემი და გარემოს“ რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ართვინის პროვინციის ხელუხლებელი ტყეების ციფრულ რუკას შექმნიან ბერძენი ექსპერტები ქართველი და თურქი სპეციალისტების მონაწილეობით;
  • ხელუხლებელი ტყის კორომების დაცვის სახელმძღვანელოს მოამზადებს სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების გუნდისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე;
  • საზოგადოების საინფორმაციო კამპანიის მასალებსა და ხელუხლებელი ტყის კორომების დაცვის შესახებ სასწავლო პროგრამას შეიმუშავებენ ართვინის უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების გუნდის მონაწილეობით და სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რეკომენდაციებით;
  • პროექტის პრომო მასალებს შესაბამისი ქვეყნებისთვის შეიმუშავებენ და დაამზადებენ ართვინის უნივერსიტეტი და „თემი და გარემო“.

პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალა და პროექტის მიერ მიღწეული შედეგები ფართოდ გაშუქდება და გავრცელდება პროფესიული ქსელების, საინფორმაციო ბიულეტენებისა და სოციალური მედიის საშუალებით, აგრეთვე განთავსდება პროექტში ჩართული უნივერსიტეტების ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, პროექტის ვებგვერდზე, პროექტის პარტნიორების ვებგვერდებზე და სხვა ღია წყაროებში დაინტერესებული მხარეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად:

  • ართვინისა და აჭარის ხელუხლებელი ტყის კორომების ციფრული რუკა თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება სატყეო სააგენტოებისთვის, სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. რუკა შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი კვლევებისა და დაგეგმარების სამუშაოებისათვის, მისი განახლება შესაძლებელი იქნება ახალი მონაცემების გათვალისწინებით;
  • ართვინის ხელუხლებელი ტყეების კვლევის ანგარიში შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომავლო კვლევებისთვის ან მართვის და/ან დაგეგმარების კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად;
  • ართვინსა და აჭარაში ხელუხლებელი ტყის კორომების დაცვის სახელმძღვანელო, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდება, შესაბამის სატყეო ორგანოებს განსახორციელებლად გადაეცემა, აგრეთვე გავრცელდება შესაბამის სატყეო სპეციალისტებსა და პედაგოგებს შორის და განთავსდება ინტერნეტში;
  • ხელუხლებელი ტყეების დაცვისა და კონსერვაციის სასწავლო პროგრამები დაინერგება ართვინისა და ბათუმის უნივერსიტეტებში, აგრეთვე ამ რეგიონების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • საინფორმაციო მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა რეგიონებშიც/ქვეყნებშიც, რადგან შესაძლებელი იქნება მათი ადაპტირება კონკრეტული რეგიონების/ქვეყნების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
  • ართვინისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში პროექტის ფარგლებში დაარსებული საინფორმაციო კუთხეები გამოყენებული იქნება, როგორც ინფორმაციის წყარო ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პროექტის პარტნიორები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ თანამშრომლობას. მიღებული გამოცდილება და შეძენილი უნარ-ჩვევები მათ ახალი და რთული ამოცანების გადასაჭრელად ერთმანეთთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს.